რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ს დირექტორი კიევში ზელენსკის შეხვდა – მედია

Tom Williams/Pool/Reuters

CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ბილ ბარნსი კიევში იმყოფება და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

წყაროს თქმით, ბარნსი უსაფრთხოდ იმყოფებოდა 15 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების დროს. ბარნსი კიევში მას შემდეგ ჩავიდა, რაც 14 ნოემბერს ანკარაში მის რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. მედიის ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში ბარნსი კიევში უკვე მეორედ იმყოფება.

მედია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში ბარნსის ვიზიტმა დაადასტურა აშშ-ს მტკიცე მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

15 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქის, კიევის გარდა რუსულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ხმელნიცკი, რივნე, ვოლინი, ლვოვი, ჟიტომირი, ვინიცა, დნეპროპეტროვსკი და ხარკოვის რეგიონები. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ეს არის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ენერგეტიკულ სისტემაზე.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები წინასწარი შეფასებით ვარაუდობენ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

კომენტარები