რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ის დირექტორი ბილ ბარნსი მის რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს ანკარაში შეხვდება

ბილ ბარნსი და სერგეი ნარიშკინი

CIA-ის დირექტორი ბილ ბარნსი დღეს, 14 ნოემბერს ანკარაში რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს შეხვდება. ამის შესახებ CNN-თან ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთთან საკომუნიკაციო არხები გვაქვს, განსაკუთრებით ბირთვული და სტრატეგიული სტაბილურობის რისკების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, ბილ ბარნსი დღეს ანკარაში იმყოფება, რათა თავის რუს კოლეგას შეხვდეს". - თქვა სპიკერმა. 

რამდენიმე კვირით ადრე, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ასევე დაუკავშირდა რუს კოლეგებს და მათ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებსა და საფრთხეებზე ესაუბრა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბარნსი რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

"ის არ განიხილავს ომის დასრულების შეთანხმებასა და ამისთვის საჭირო პირობებს. ამის ნაცვლად, რუს კოლეგას კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებთან დაკავშირებით გზავნილს გადასცემს". - ამბობს სპიკერი. 

სპიკერის განმარტებით, აშშ-მ ბარნსის მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია უკრაინას წინასწარ მიაწოდა. 

"ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინაზე - უკრაინის გარეშე". - თქვა მან. 

კომენტარები