რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

პოლონეთი ქვეყნის სამხრეთში აფეთქებას ადასტურებს და საბრძოლო მზადყოფნის დონეს ზრდის

პიოტრ მიულერი

პოლონეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, პიოტრ მულერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მულერმა დაადასტურა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში აფეთქება მართლაც მოხდა და შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას მომხდარი ინციდენტის დეტალების დასაზუსტებლად.

ასევე, პოლოეთის ეროვნული უსაფრთხოების ოფისის მეთაურმა, იაცეკ შიევიერამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ დანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის დონე იზრდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

 

კომენტარები