დიდი ოცეულის სამიტი

The Telegraph: G20-ის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები და ბრიტანეთი რუსეთს ბოიკოტს გამოუცხადებენ

ვლადიმირ პუტინი და სერგეი ლავროვი, 2018 წლის 17 ოქტომბერი
AFP VIA GETTY IMAGES

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ისინი დიდი ოცეულის შეხვედრისას რუსეთის იზოლაციისთვის „ყველაფერს გააკეთებენ“. რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებით, ლავროვი კიდევ ერთხელ მოისმენს, რამდენად მარტოა რუსეთი. 

"ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა ვაჩვენოთ ძალიან, ძალიან, ძალიან მტკიცედ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა  დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე". – თქვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი, ზოგადად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირთან კოორდინაციით დაინტერესებული არ არის, რუსეთთან დაკავშირებით ორივეს საერთო მიზანი აქვს და შეთანხმებულად მოქმედებენ. ისინი რუსი დელეგატების საუბრისას პროტესტის ნიშნად შეხვედრას დატოვებენ. 

"ეს, ასევე, ნიშნავს ლავროვთან ან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრის ხელშეშლას, ან რუსეთის გამოსვლის პარალელურად ხალხის მიერ შეხვედრის დატოვებას". – აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი.

დიდი ოცეულის (G20)-ის სამიტი კუნძულ ბალიზე მომავალ კვირას, 15–16 ნოემბერს ჩატარდება. სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, უმსხვილესი ქვეყნების ლიდერები იღებენ. ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას პირადად დაესწრება, ზოგი კი – ვირტუალურად.

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები პირველად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. Reuters-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ რუსეთ–უკრაინის 2022 წლის ომი იქნება.

ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი პირველად შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს. ბაიდენი მიზნად ისახავს, განიხილოს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებები, უკრაინის ომი და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა.

ამასთან ერთად, ინდონეზიამ სამიტზე დამკვირვებლის სახით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია. ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგი შეხვედრას ვირტუალურად დაესწრება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კამბოჯაში იმყოფება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სამიტზე, მაგრამ უცნობია, გაემგზავრება თუ არა ბალიზე.

რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში, ბალიზე, დიდი ოცეულის შეხვედრას ვირტუალურადაც არ დაესწრება. იგი რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნის.

დასავლეთის ქვეყნების ინდონეზიას სთხოვდნენ პუტინის მოწვევის გაუქმებასა და მის გამორიცხვას სამიტიდან. თუმცა, ინდონეზიის ლიდერების ცნობით, წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე მათ ამის უფლება  არ აქვთ.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის ბაიდენთან შეხვედრა. დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერის ცნობით, ისინი AUKUS-ის, ანუ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტს განიხილავენ, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.

G20-ის წინა სამიტი 2021 წელს იტალიაში გაიმართა. ძირითადი განსახილველი საკითხი COVID-19 პანდემია და მასთან ბრძოლის საერთო მექანიზმების შემუშავება იყო.

 

კომენტარები