ვლადიმირ პუტინი

პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტზე არ ჩავა, ლავროვს გაგზავნის

ვლადიმირ პუტინი და სერგეი ლავროვი, 2018 წლის 17 ოქტომბერი
AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში, ბალიზე, დიდი ოცეულის შეხვედრაზე არ ჩავა და რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნის.

ინფორმაცია რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გაავრცელა.

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გასულ დღეს თქვა, რომ პუტინი, შესაძლოა, G20-ის სამიტს დისტანციურად, ონლაინ დასწრებოდა.

აქამდე, აგვისტოში ვიდოდო ამბობდა, რომ პუტინმა უთხრა, რომ G20-ის სამიტს დაესწრებოდა. პუტინი ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან სამიტზე მიწვევას ამ წლის აპრილში დათანხმდა.

პუტინის გარდა, დიდი ოცეულის სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც 3 ნოემბერს ამბობდა, რომ თუ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის დაესწრებოდა, თავად მონაწილეობაზე უარს იტყოდა. ზელენსკი შეხვედრის მონაწილეებს, სავარაუდოდ, ონლაინ მიმართავს.

კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვდა, რომ G20-ის სამიტზე მოწვეული ქვეყნებიდან რუსეთი გამოეკლოთ.

კომენტარები