რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი ხერსონზე: პანიკა გაუგებარია, მტერს რუსული მსოფლიოს უსაზღვროება შევახსენოთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ქალაქი ხერსონიდან და ოლქის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების გაყვანას ეხმაურება

მედვედევის თქმით, "ყველაფერი რუსეთში დაბრუნდება" და მისი აზრით, ხერსონთან დაკავშირებით რუსების "პანიკურობა" გაუგებარია. რუს ხალხს მან მოუწოდა, რომ "მტერს სიხარულის საბაბი" არ მისცენ და მათ "რუსული მსოფლიოს უსაზღვროება" შეახსენონ.

"ტერიტორიული სუვერენიტეტის გაგება ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი სახლში დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციაში. ყველა არაგულგრილი ადამიანის ალარმიზმი (განგაში) სავსებით გასაგებია, ხოლო – ისტერიკა და პანიკურობა არა. არ მისცეთ ახლო და შორეულ მტერს სიხარულის საბაბი. არამედ უფრო ხშირად შეახსენეთ მას რუსული მსოფლიოს სიდიდე და უსაზღვროება". – წერს მედვედევი ტელეგრამზე.


9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები