ენმ

დეკანოიძე: პარტიის თავჯდომარეობის კანდიდატებთან მხოლოდ სამი კითხვა მექნება

ხატია დეკანოიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის ემხრობა შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას და აღნიშნა, რომ პარტიის თავჯდომარეობის ნებისმიერ კანდიდატთან მას სამი მთავარი კითხვა ექნება. 

დეკანოიძის სამი კითხვა ეხება პარტიის გაძლიერების სტრატეგიას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქართული ოცნების დამარცხების გეგმას.

"მე, პირადად, ერთი ადამიანი, რომელსაც პარტიის გაძლიერება მინდა, რადგან მთავარ იარაღად მესახება, სულ რამდენიმე შეკითხვა მექნება იმ კანდიდატთან, რომელსაც ექნება თავისი პლატფორმა წარმოდგენილი თავჯდომარეობის პოსტზე. 1) რა იქნება კანდიდატის უახლოესი სტრატეგია პარტიის გაძლიერების კუთხით, ანუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პარტიის განვითარება, რეგიონალური ორგანიზაციების განვითარება. როგორი უნდა იყოს თვითონ პარტიის სტრატეგია, უნდა იყოს ორიენტირებული ვადამდელ არჩევნებზე, ან 2024 წლის არჩევნებზე? 2) რა გაუკეთებია კანდიდატს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ტრანსფერისთვის, როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტექსტში? 3) როგორ წარმოუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, ქართული ოცნების დამარცხება?". – თქვა დეკანოიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.  

ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". ობოლაძის თქმით კი ამ  ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 

მანამდე, 25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებდა ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები