რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს

Tatneft

რუსული მედიის ინფორმაციით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რუსულმა კომპანიამ, Татнефть-მა ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა გამოაცხადა.

"ამჟამად შეზღუდვები შემოღებულია Татнефть-ის ბენზინგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით." – ციტირებს კომპანიის ცხელ ხაზს გამოცემა Interfax.

განცხადების მიხედვით, საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვასთან ერთად ასევე იზღუდება გადახდის მეთოდიც და ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა იქნება შესაძლებელი. 

გამოცემის ინფორმაციით, Татнефть-მა ჩელიაბინსკის ბენზინგასამართ სადგურზე მძღოლებს აცნობა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მსუბუქი ავტომობილებისთვის მაქსიმუმ 30 ლიტრის ოდენობის ბენზინის მიყიდვას შეძლებენ. ამასთან, 60 ლიტრზე შეიზღუდება დიზელის საწვავის გაყიდვა მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო სატვირთოებისთვის ზღვარი 300 ლიტრი იქნება.

ცნობისთვის, Татнефть რუსეთში სიდიდით მეხუთე ნავთობკომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით მას ასობით ბენზინგასამართი სადგურის ქსელი აქვს.

მანამდე მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით იერიშის დროს დედაქალაქში Газпром Нефть-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. 

16 ივნისის დილის საათებში უკრაინამ მოსკოვის ოლქზე სხვადასხვა ტიპის დრონებით იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ტელეგრამ-არხ Exilenova-ს მიხედვით, აღნიშნული ნავთობქარხანა მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-ს, და ზოგადად ოლქის ბენზინის ბაზრის 70%-ს, ამარაგებს.

კომენტარები