ტრაგედია ვაკის პარკში

მერის მოადგილე: აგვისტოს შემდეგ, თანამშრომლები ყოველდღე მუშაობდნენ ჩართულ შადრევანში

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას მტკიცებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, "ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია".

"ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული "რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში,  აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, - ამბობს ბასილაია და აღნიშნავს, რომ ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ "დაექსპერტებული" ჩაიბარა.

"ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება. ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება“, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. 

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები