რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BLOOMBERG: აშშ რუსული ალუმინის იმპორტის სრულად აკრძალვას განიხილავს

აშშ რუსული ალუმინის იმპორტის სრულად აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, თეთრი სახლი რუსულ ალუმინზე ტარიფების იმდენად გაზრდას გეგმავს, რომ იმპორტიორებმა რუსული ალუმინის მწარმოებელი კომპანიისგან, United Co RusaI nternational PJSC-სგან ლითონის შესყიდვაზე უარი თქვან.

თეთრი სახლი და ფინანსთა დეპარტამენტი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

10 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის 100-ზე მეტ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები