რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი G7-ის სასწრაფო შეხვედრის ჩანიშვნაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს G7-ის სასწრაფო შეხვედრის ჩანიშვნაზე ესაუბრა.

"ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, ჯგუფის სასწრაფო სხდომის მოწვევაზე შევთანხმდით. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე ვისაუბრებ". - წერს ზელენსკი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში უკრაინის დახმარება განიხილეს.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ, დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები