რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის ხიდის აფეთქებამდე სატვირთო ბულგარეთში, საქართველოსა და სომხეთში იყო – რუსეთი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა ტერიტორიაზე ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მოხვდა.

"უკვე დავადგინეთ იმ სატვირთო მანქანის მარშრუტი, რომელიც აფეთქების ადგილას იყო: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია". - აღნიშნა ბასტრიკინმა.

მარშუტი უცნაურად გამოიყურება: მაგალითისთვის, ბულგარეთიდან საქართველოში მოსახვედრად სატვირთო მანქანას თურქეთი უნდა გაევლო. ასევე გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა სატვირთო მანქანა სომხეთიდან, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩასულიყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები