რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს

Maxar Technologies/Handout via REUTERS

ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილედან რამდენიმე საათის შემდეგ ყირიმის ხიდის აფეთქება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეეხება პუტინს.

"მან პირადად დააფინანსა და გახსნა ხიდი, ხოლო მისი სამშენებლო კონტრაქტორი მისი ბავშვობის მეგობარი, არკადი როტენბერგი იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

უწყების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, პუტინის ყოფილმა დაცვამ, ახლა რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ვიქტორ ზოლატოვმა, ხიდის უსაფრთხოების შესახებ საჯარო გარანტიები გასცა.

დაზვერვის ინფორმაციით, გზის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი რამდენიმე ადგილას დაახლოებით 250 მეტრის სიგრძეზე ჩამოინგრა. ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი დანარჩენი ორი საავტომობილო გზის გავლით აღდგა, მაგრამ გამტარუნარიანობა სერიოზულად დაქვეითდა.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები