რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი ბირთვული ომის დაუშვებლობის განცხადების ერთგული რჩება

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ერთგული რჩება ბირთვული იარაღის მფლობელი 5 სახელმწიფოს ერთობლივი განცხადებისა, რომელიც ბირთვული ომის დაუშვებლობას გულისხმობს. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში "ბირთვული რიტორიკა" დასავლეთმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემოიტანეს.

"უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის პირობებში სწორედ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ცდილობენ აქტიურ გამოყენებაში ბირთვული რიტორიკის შემოტანას. შეგახსენებთ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა იმ ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ მათ ტერიტორიაზე დარჩა. ამის შემდეგ დასავლელმა პოლიტიკოსებმა "ბირთვული რიტორიკის" გამოყენება დაიწყეს. მაგალითად, გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა რა მარტივად გასცა დაპირება, რომ საჭიროების შემთხვევაში "წითელ ღილაკს" დააჭერს.

რუსეთი ერთგული რჩება ბირთვული იარაღის მფლობელი 5 სახელმწიფოს ლიდერის განცხადების, რომელიც მიმდინარე წლის 3 იანვრით არის დათარიღებული და რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბირთვული ომის დაუშვებლობის პოსტულატი". – თქვა ლავროვმა Аргументы и Факты-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".

კომენტარები