საქართველო-რუსეთი

შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ დარიალში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა

ამერიკის ხმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში მგზავრთა ნაკადი "მნიშვნელოვნად შემცირდა".  

განცხადების მიხედვით, 29 სექტემბრის 10:00-დან 30 სექტემბრის 10:00-მდე საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის 6 109 მოქალაქემ გადმოკვეთა, 5 186-მა კი დატოვა. 

"სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5 186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9 642 და გავიდა 5 448 მოქალაქე". - წერია განცხადებაში. 

ასევე, შსს-ს ცნობით, გამშვებ პუნქტ დარიალში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, შედეგად, ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა. 

27 სექტემბერს უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ უშვებენ.

შსს აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვისთვის სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით. ასევე, განცხადების მიხედვით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგი იყო და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები