საქართველო-რუსეთი

რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა – შსს ბოლო 10 დღის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის, უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო 10 დღეში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის ყველა გამშვები პუნქტის გადმოკვეთისა და გადაკვეთის სტატისტიკა:

  • 17 სექტემბერს 6986 (შემომსვლელი) – 7406 (გამსვლელი)
  • 18 სექტემბერს 6606 – 6743
  • 19 სექტემბერს 6411 – 6782
  • 20 სექტემბერს 5603 – 6199
  • 21 სექტემბერს 6402 – 6011
  • 22 სექტემბერს 6150 – 6050
  • 23 სექტემბერს 9307 – 6214
  • 24 სექტემბერს 9330 – 6249
  • 25 სექტემბერს 11 143 – 5519
  • 26 სექტემბერს 10 804 – 4947

შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ უშვებენ.

შსს აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვისთვის სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით. ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.

შსს აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს – ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ.

"სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს". – ნათქვამია განცხადებაში.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები