რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დღეის მდგომარეობით, ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად გავათავისუფლეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის თითქმის სრული დეოკუპაცია მოახდინეს.

"დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქის დეოკუპაცია მოვახდინეთ. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. მათ მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფერი მოაქვს". - წერს ზელენსკი.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები