რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი რუსეთის რეგიონებს მებრძოლების თვითმობილიზებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის ომში დასახმარებლად რუსეთის რეგიონებს მებრძოლების "თვითმობილიზებისკენ" მოუწოდებს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი Telegram-ზე წერს.

"რუსეთი არის ფედერალური სახელმწიფო, რომელშიც რეგიონები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი წამოწყების ინიციატორები. ერთ-ერთი ასეთი წამოწყება დღეს უნდა იყოს "თვითმობილიზაცია". არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინი, ან პირიქით, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულის ლოდინი. რუსეთში შემავალი თითოეული სუბიექტის მეთაურმა დღეს უნდა დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, დაეხმაროს სახელმწიფოს. ეს დახმარება უნდა გამოიხატოს არა სიტყვით გამოსვლებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებიც დაეხმარება მებრძოლებს". – წერს კადიროვი.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები