რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს ირანული დრონი, რომელსაც რუსეთი იყენებდა

უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით პირველად ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი, რომელსაც რუსი ოკუპანტები იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.

"დიდი სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ უკრანის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურა ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული დრონი. ჩვენ ის ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკთან ახლოს ჩამოვაგდეთ. ის იყო შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონი UAV Shahed-136". - წერია განცხადებაში.

დასავლეთის დაზვერვის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ირანისგან ასობით დრონი მიიღო.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ შეძენილი ირანული წარმოების დრონების დიდი ნაწილი წარუმატებლად ფუნქციონირებს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, გამოცემასთან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან მიიღო Mohajer-6 და შაჰედის სერიის უპილოტო საფრენი აპარატები.

დრონების შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა - მათი ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოყენება სურდათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ჟურნალისტებს სატელიტური ფოტოების შესახებ აცნობა, თქვა, რომ მოსკოვის მცდელობა, შეიძინოს დრონები თეირანიდან აჩვენებს, რომ რუსეთი "ფსონს ირანზე დებს".

კომენტარები