თეთრი სახლი: უკრაინასთან ომში გამოსაყენებელი დრონების შესაძენად რუსეთი ირანს ეწვია

ჯო ბაიდენი ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში, დახვედრის ცერემონიაზე, 2022 წლის 13 ივლისი.
The Times of Israel

თეთრი სახლის ინფორმაციით, გასულ კვირას რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოსაყენებლად უნდა შეიძინოს.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ჟურნალისტებს სამიტის წინ აცნობა სატელიტური ფოტოების შესახებ, თქვა, რომ მოსკოვის მცდელობა, შეიძინოს დრონები თეირანიდან აჩვენებს, რომ რუსეთი "ფსონს ირანზე დებს".

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კვირის დასაწყისში, ბაიდენის რეგიონში ჩასვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ს ცნობით, ირანი რუსული ძალების გაწვრთნას უპილოტო თვითმფრინავების გამოსაყენებლად ამ თვეში გეგმავს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში უარყო ინფორმაცია რუსეთში ირანული თვითმფრინავების ექსპორტის შესახებ და მათ უსაფუძვლო უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაცია მაშინ გამოაქვეყნა, როცა ჯო ბაიდენი არაბული ყურის 6 ქვეყნის, ასევე, ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის ლიდერებს შეხვდა რეგიონულ სამიტზე. 

სამიტზე წარმოდგენილი არცერთი ქვეყანა არ შეუერთდა აშშ-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსი მილიარდერებისა და მათი მრავალმილიონიანი იახტების ერთგვარ ფინანსურ თავშესაფარად იქცა. ეგვიპტე ღიაა რუსი ტურისტებისთვის.

კომენტარები