11 სექტემბრის ტერაქტი

21 წელი 9/11-ის ტერაქტიდან: ფოტოები და ისტორიები

11 სექტემბრის ტერაქტი

21 წელი 9/11-ის ტერაქტიდან: ფოტოები და ისტორიები

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა. ამ შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ისტორიაზე დიდი კვალი დატოვა. ტერაქტების გავლენა განსაკუთრებით აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე აირეკლა და 11 სექტემბრის მემკვიდრეობის შედეგად, XXI საუკუნის პირველი მასშტაბური კონფლიქტებიც დაიწყო.

9/11-ის თავდასხმები ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტების სახით შევიდა. ალ-კაიდას ტერორისტების თავდასხმას, რომელიც რამდენიმე წელი იგეგმებოდა, 2 977 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემბრის დილას ცხრამეტმა ტერორისტმა კონტროლი მოიპოვა ოთხ ამერიკულ სამგზავრო თვითმფრინავზე. ისინი 3 ხუთკაციან და 1 ოთხკაციან ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. თითოეულ ჯგუფს საკუთარი სამიზნე ჰქონდა. ლოგანის საერთაშორისო აეროპორტიდან გატაცებული რეისი 11-სა და რეისი 175-ის სამიზნე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის, ე.წ. ტყუპების შენობები იყო. რეისი 77, რომლის თვითმფრინავიც დელასის საერთაშორისო აეროპორტიდან გაიტაცეს, მიემართებოდა პენტაგონისკენ, ხოლო ნიუარკის აეროპორტიდან გატაცებული რეისი 93-ის მიზანში აშშ-ს კაპიტოლიუმი იყო ამოღებული.


გალერეაში გაერთიანებულია ფოტოები, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ისტორიას ჰყვებიან.

Paul J. Richards/AFP/Getty Images

11 სექტემბრის დილა, როდესაც თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, ენდრიუ კარდმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ტერაქტის შესახებ აცნობა. ამ დროს პრეზიდენტი ფლორიდაში, სარასოტას დაწყებით სკოლას სტუმრობდა. 

"ამერიკას თავს დაესხნენ". - თქვა კარდმა. 

"ვცდილობდი, მოკლედ მეთქვა სათქმელი, რომ პრობლემის მასშტაბი უკეთ აღექვა. მან ზემოთ აიხედა - რამდენიმე წამით, რომელიც წუთებივით იწელებოდა. ვფიქრობდი, რომ ის გამოირჩეოდა უნარით, კამერებს მიღმა არ შეეშინებინა ამერიკელი ხალხი და რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეები, რომლებიც კლასში ისხდნენ". - იხსენებს კარდი. 

რამდენიმე წუთში, პრეზიდენტმა კლასი დატოვა. 

Richard Drew/AP

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკიდან კაცი ვარდება.

ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავები ტყუპებს შეეჯახა, კოშკებიდან 200-ზე მეტი ადამიანი გადმოხტა, ან გადმოვარდა. 

Chang W.Lee/The New York Times

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკის ნგრევა. ფოტოს ავტორი, სამხრეთ კორეელი ჩენგ ლი CNN-თან ინტერვიუში 11 სექტემბერს იხსენებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეცვალა ტერაქტებმა მისი ცხოვრების წესი. 

"წინა ღამეს ოჯახთან ერთად მოგზაურობიდან სახლში ვბრუნდებოდი და წვიმის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის თავზე მშვენიერი მზის ჩასვლა დავინახეთ. ამ დროს ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილას ვცხოვრობდით.

მეორე დილით ალ-კაიდამ დაგვიმტკიცა, რომ ვცდებოდით. 11 სექტემბერმა ჩვენი ცხოვრების წესი სამუდამოდ შეცვალა". - თქვა ლიმ CNN-თან. 

Preston Keres/US Navy/Getty Images

ნიუ-იორკის მეხანძრე, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში დამატებით კიდევ 10 მაშველს დასახმარებლად იძახებდა. 

Ruth Fremson/The New York Times/Redux

ნიუ იორკის პოლიციის ოფიცერი რიჩარდ ადამიაკი, რომელმაც კოშკების ჩამონგრევის დროს რამდენიმე ადამიანთან ერთად თავი სასადილოს შეაფარა. 

"ეს სიურეალისტური სცენა იყო, სადაც მეხანძრეებს, პოლიციასა და რამდენიმე მშვიდობიან მოქალაქეს სუნთქვა შეეკრათ და პირიდან მიწის ამოხველება დაიწყეს - მათ მხოლოდ ვიტრინის საშინლად კაშკაშა შუქი ანათებდა, რომელშიც ცივი ნამცხვრები და იმ დღის სენდვიჩებისთვის გამზადებული ყველი ეწყო". - იხსენებს ფოტოგრაფი რუთ ფრემსონი.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრების კოლაფსის შემდეგ ქვემო მანჰეტენიდან ბრუკლინის ხიდისკენ მიმავალი ხალხი.

Gulnara Samoilova/AP

კვამლში, მტვერსა და ნამსხვრევებში მიმავალი ხალხი ფულტონის ქუჩაზე, რომელიც ტყუპი კოშკებიდან დაახლოებით ერთ ბლოკში მდებარეობს. 

Thomas E. Franklin/The Bergen Record/AP

მეხანძრეები ჯორჯ ჯონსონი, დენ მაკუილიამსი და ბილი ეიზინგრენი 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე ამერიკის დროშის აღმართვისას.

"ჩემთვის ეს ფოტო ილუსტრაციაა იმ მომენტისა, როდესაც ჩემი ქვეყანა, ჩვენს მიწაზე საზარელი თავდასხმის შემდეგ, გამოვიდა სიბნელიდან და პოვა ერთობისა და პატრიოტიზმის ახალი განცდა". - იხსენებს ფოტოს ავტორი.

Mark Faram/Navy Times/AP

მღვდელი სტივენ მაკგრეუ, რომელიც პენტაგონზე თავდასმის შედეგად დაშავებულებისა და გარდაცვლილებისთვის ლოცულობს. პენტაგონზე თავდასხმას 184 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

Marty Lederhandler/AP

მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა. ამ დროს მარტი ლედერჰენდლერი Associated Press-ის ოფისიდან როკფელერის ცენტრისკენ დაიძრა, შენობის 65-ე სართულზე ავიდა და Empire State Building-ის ხედით, ტყუპებს ფოტო გადაუღო. მოგვიანებით, სურათი New York Magazine-ის ყველაზე გაყიდვადი ნომრის გარეკანზე აღმოჩნდა.

კომენტარები