11 სექტემბრის ტერაქტი

საგარეო 9/11-ზე: საქართველო იხსენებს და პატივს მიაგებს ყველა მსხვერპლს, ვგმობთ ტერორიზმს

www.rsvlts.com

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტს განცხადებით ეხმაურება. სამინისტრო პატივს მიაგებს ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებსა და ტერაქტის დროს დაღუპულ გმირებს.

"20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები  დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. 

დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად". – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმს და აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს სანდო პარტნიორია.

"ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის". – ვკითხულობთ განცხადებაში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. ამ შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ისტორიაზე დიდი კვალი დატოვა. ტერაქტების გავლენა განსაკუთრებით აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე აირეკლა და 11 სექტემბრის მემკვიდრეობის შედეგად, XXI საუკუნის პირველი მასშტაბური კონფლიქტებიც დაიწყო.

კომენტარები