11 სექტემბრის ტერაქტი

20 წლის შემდეგ 9/11-დან: ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ

11 სექტემბრის ტერაქტი

20 წლის შემდეგ 9/11-დან: ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ

დღეს ამერიკაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან 20 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტიდან მალევე ამერიკამ ავღანეთში ჯარი შეიყვანა. სამხედრო ოპერაციის მიზანი ტერაქტის შემოქმედის ოსამა ბინ ლადენის შეპყრობა და ავღანეთის ისლამისტური მთავრობის, თალიბანის,  მფარველობის ქვეშ მყოფი ალ ქაიდას დამარცხება იყო. 

20 წლის შემდეგ ამერიკულმა ჯარებმა უპრეცედენტოდ ქაოტურად დატოვეს ავღანეთი. შედეგად, კვლავ გააქტიურდა დისკუსია ამერიკის გლობალურ როლზე და პასუხისმგებლობებზე. ასევე, არ წყდება კამათი თუ რა წარმოადგენს ამერიკის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს.

2001 წლის 11 სექტემბრს თვითმკვლელმა ტერორისტებმა ორი სამგზავრო თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეაჯახეს.
წყარო: reuters.com

ყოფნა-არყოფნა: განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ხედვები

ამერიკის გლობალურ როლზე დისკუსია განსაკუთრებით აქტიური ცივი ომის დასრულების შემდეგ გახდა. ქვეყანამ საბჭოთა კავშირის სახით მთავარი მოწინააღმდეგე დაამარცხა, რამაც ამერიკას არჩევანის საშუალება მისცა. მას ახლა შეეძლო გლობალური ჩართულობა შეემცირებინა და მეტი დრო და რესურსი ქვეყნის განვითარებაზე დაეხარჯა. ამ მიდგომას როგორც ბევრი მომხრე ისე მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ამერიკელი დიპლომატი ჯინ კირკპატრიკი, 1990 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებულ წერილში “ნორმალური ქვეყანა ნორმალურ დროში,” კარგად აღწერს გლობალური ჩართულობის მოწინააღმდეგეთა პოზიციას. მისი აზრით, ცივი ომი მსოფლიო გეოპოლიტიდან ამოვარდნილი მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირის რეჟიმი ექსპანსიონისტური და რევიზიონისტური ბუნებიდან გამომდინარე ამერიკისგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვდა.

კომუნიზმის დამარცხების შემდეგ, კირკპატრიკის აზრით, ამერიკას მშვიდად შეეძლო ქვეყნის შიდა განვითარებაზე კონცენტრირება. გლობალური პოლიტიკა უნდა დაბრუნებოდა იმ პერიოდს, როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ძალთა ბალანსი არეგულირებდა.


ამერიკელი დიპლომატი ჯინ კირკპატრიკი.
წყარო: economist.com

ამერიკას მხოლოდ ორი ძირითადი საგარეო საზრუნავი რჩებოდა: სავაჭრო ინტერესები და დემოკრატიის გაძლიერება. კირკპატრიკის აზრით, ამერიკას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ევოლუციის პროცესი არ უნდა ემართა. ასევე, მას არ უნდა ეზრუნა ევროპასა და აზიაში ძალთა ბალანსის დაცვაზე. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გმირულად იმოქმედა მაშინ როდესაც გმირობა საჭირო იყო; ის ალტრუისტულად მოქმედებდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თავისუფლება საფრთხის ქვეშ იყო. დრო როდესაც ამერიკელებმა ასეთი უჩვეულო ტვირთი უნდა ზიდონ წარსულს ჩაბარდა. “ნორმალურ” დროში დაბრუნებით ჩვენ კვლავ შეგვიძლია გავხდეთ ნორმალური ერი და განათლების, ოჯახის, ინდუსტრიის და ტექნოლოოგის მნიშვნელოვან პრობლემებს მივხედოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელი სახემლწიფო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მსოფლიოში,” - წერდა კირკპატრიკი.

ამ პოზიციის მხადამჭერები, ცივი ომის მსგავსად, 11 სექტემბრის ტერაქტსაც ისეთ კატაკლიზმად აფასებენ, რომელმაც ამერიკა ბუნებრივი განვითარების კალაპოტიდან ამოაგდო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდიდან, ამერიკამ სწორედ კირკპატრიკის მიერ აღწერილ “ნორმალურ” საგარეოპოლიტიკურ ტრაექტორიაზე დაბრუნება დაიწყო. შედეგად, ქვეყანამ მისი გლობალური ჩართულობის შემცირებისკენ გადადგა ნაბიჯები. ბაიდენის ადმინისტრაციის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ლოგიკაც მსგავსი ხედვის ნაწილია.


ამერიკელი პოლიციელი 2001 წლის 11 სექტემბრეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის ადგილას.
წყარო: reuters.com

ამერიკის ჩართულობის შემცირების პოლიტიკას უპირისპირდებიან ისინი ვინც თვლიან, რომ ამერიკის მიერ მსოფლიო პოლიციელობაზე უარის თქმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წამგებიანია. მათი აზრით, ამერიკის მიერ გლობალურ პასუხისმგებლობებზე ზურგის შექცევა ქვეყანას ბევრად ძვირი დაუჯდება. ავტორი ვილიამ ვოლფორსი მიიჩნევს, რომ ამერიკისთვის პირველობის შენარჩუნება მშვიდობის გარანტია. მრავალპოლუსიანი სამყარო ომის ალბათობას ზრდის, რადგან ქვეყნები მუდმივ პაექრობაში არიან ერთმანეთთან. 

ვოლფორსის თქმით, რადგან საერთაშორისო სისტემა ამერიკის ძალაზე დგას, ის ვერ შენარჩუნდება მისი ჩართულობის გარეშე. “უნიპოლარული სისტემის შენარჩუნება არ მოითხოვს ულიმიტო ვალდებულებებს. ამას ევროპასა და აზიაში ცენტრალური უსაფრთხოების სისტემების მართვა და იმ მოლოდინის შენარჩუნება სჭირდება, რომ ამერიკასთან პაექრობას აზრი არ აქვს,” - წერს ვოლფორსი.

ავტორი რობერტ კაგანი თვლის, რომ ზესახელმწიფოები ასე მარტივად “პენსიაზე ვერ გავლენ”. მისი აზრით, ამერიკის უკან დახევის სურვილი არა მხოლოდ ომებით გადაღლა, არამედ ინტელექტუალური პრობლემაცაა, რომელიც ქვეყნის იდენტობასა და მიზანზე განსხვავებულ მოსაზრებებს ეფუძნება. კაგანი მიიჩნევს, რომ რადგან ამერიკის როლი მსოფლიო წესრიგის შექმნაში განუზომლად დიდი იყო, მისი პოლიტიკის ცვლილება რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შექმნის. ის შიშობს, რომ ამ ცვლილების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ 21-ე საუკუნე მშვიდობიანი იქნება.

ამერიკის პირველობით დამყარებულ მშვიდობაზე უარის თქმის მსურველებს კაგანი კითხვას უსვამს თუ რომელ სხვა მეოთხედ საუკუნეს ამჯობინებდნენ და მათ ისტორიულ მოვლენებს ახსენებს

მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედი პირველ მსოფლიო ომს, კომუნიზმის და ფაშიზმის დაბადებას მოიცავდა. შემდეგ ვიხილეთ ჰიტლერის და სტალინის აღზევება, ჰოლოდომორი უკრაინაში, ჰოლოკოსტი, მეორე მსოფლიო ომი და ბირთვული იარაღის გამოგონება. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მეოთხედ საუკუნეც კი კორეის და ვიეტნამის ომს, ისრაელი-არაბების ომს და კუბის სარაკეტო კრიზისს მოიცავდა. შესაძლოა ჩვენი ყველაზე დიდი წარუმატებლობა ის არის, რომ არ გვინდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი შეიძლება იქ დაბრუნდეს სადაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იყო: რამოდენიმე ალყაშემორტყმული დემოკრატია გაძლების ზღვარზე, დიქტატურებით დომინირებულ მსოფლიოში,” წერს კაგანი.

წყარო: newrepublic.com

რაზე იქნება დამოკიდებული ამერიკის სამომავლო ნაბიჯები

ავღანეთის მოვლენების ფონზე, ექნება თუ არა ამერიკას მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების ნება და რაზე იქნება დამოკიდებული მისი სტრატეგია? 

განსხვავებული ხედვები არსებობს იმაზე თუ რა ამოძრავებთ სახელმწიფოებს საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო ურთიერთობებში რეალიზმის სკოლა მიიჩნევს, რომ სახემლწიფოების გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უმთავრეს გავლენას ძალა და მისი გადანაწილება ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ შიდაპოლიტიკური განწყობების მიუხედავად, თუ ამერიკა მსოფლიო ძალთა ბალანსში მისთვის შექმნილ რეალურ საფრთხეს დაინახავს, ის აუცილებლად იმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. 

გადამწყვეტ მომენტებში ამერიკის ჩართულობის მაგალითებად პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მისი მონაწილეობა მოჰყავთ. იზოლაციონისტური განწყობების მიუხედავად, ევრაზიის კონტინენტზე ჰეგემონი სახელმწიფოს შექმნის საფრთხემ ქვეყანას ორივეჯერ უბიძგა ქმედებებისკენ. 

რა გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ავღანეთის მოვლენებმა

ამერიკაში ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. მიუხედავად ამისა, უმეტესობა თანხმდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ეს ოპერაცია პრაქტიკული თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს.

"ყველაზე ცუდად მართული საგარეო პოლიტიკური კრიზისი ღორების ყურის ოპერაციის შემდეგ და ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა ამერიკის პრესტიჟისთვის საიგონის დაცემიდან” - წერს ავტორი ვოლტერ რასელ მიდი ამერიკის ავღანეთიდან გასვლის შეფასებისას. თუ იქამდე ავღანეთში ამერიკის ყოფნა “არადამაკმაყოფილებელ ჩიხად" ფასდებოდა, დღეს ქვეყანა ამ ომში ღიად დამარცხებულია.


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15 აგვისტოს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე ბრიფინგს ესწრება
წყარო: თეთრი სახლი

ამერიკის ისტორიაში მართლაც მხოლოდ რამდენიმე მსგავსი მასშტაბის მოვლენა თუ მოიძებნება. მათ შორისაა 1975 წლის სამხრეთ ვიეტნამის დაცემა და 1979 წლის ირანის რევოლუცია, რასაც მძევლების კრიზისი მოჰყვა. ორივე შემთხვევაში ამერიკის მოკავშირე ქვეყანა მტრულ რეჟიმს ისე ჩაუვარდა ხელში, რომ ამერიკის პრესტიჟსა და სტრატეგიულ ინტერესებს დიდი დარტყმა მიადგა.

"ამერიკა რისკავს აღიქმებოდეს როგორც უწყინარი მტერი და გაუტანელ­ი მეგობარი. ეს ძალიან საშიში გაკვეთილია სამყაროსთვის," - თქვა ისტორიკოსმა ბერნარდ ლუისმა წლების წინ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. ამერიკას ავღანეთიდან გასვლით შექმნილი კრიზისის ფონზე დღეს სწორედ ეს პრობლემა უდგას.

ავღანეთი როგორც უსაფრთხოების პრობლემა

ამერიკის მასშტაბურ წარუმატებლობას ავღანეთში ორი ძირითადი მიზეზის გამო აკრიტიკებენ. პირველი უშუალოდ ავღანეთიდან მომავალ უსაფრთხოების პრობლემებს ეხება, ხოლო მეორე მარცხის გეოპოლიტიკურ განზომილებას.

ამერიკა ავღანეთში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად შევიდა. თალიბანის ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებით ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა კვლავ გახდება ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის ალ ქაიდას თავშესაფარი. ბოლო ინფორმაციით, თალიბანის მიერ დასახელებულ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამერიკის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული ჰაკანის ქსელის ლიდერი შეასრულებს. ამერიკას მისი შეპყრობის სანაცვლოდ $5 მილიონის ჯილდო აქვს დაწესებული.


1983 წელს პრეზიდენტი რეიგანი ავღანელ მებრძოლებს ხვდება.
​​​​​​ წყარო: nationalgeographic.com
​​​​​

20 წლის განმავლობაში ამერიკამ რეგიონში ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა. ქვეყნიდან გასვლით ამერიკამ დაკარგა ის საჰაერო და სამხედრო ბაზები, რომლებიც რეგიონში მოქმედებისთვის არის საჭირო. პრეზიდენტ ბაიდენის დანაპირები, რომ ამერიკა “ჰორიზონტს მიღმა” ოპერაციებით შეებრძოლება ტერორიზმს, ცოტას თუ მიაჩნია სანდო სტრატეგიად.

ამერიკის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერი ავღანეთის მოვლენების საპასუხოდ წერს, რომ არასწორია თალიბანისა და ალ ქაიდას გამიჯვნა. “ყველას ვისაც თვალები აქვს ხედავს, რომ ეს ჯგუფები გადაჯაჭვულია და ავღანეთის ისლამური ემირატის აღდგენა ისეთივე გამარჯვებაა ალ ქაიდასა და დანარჩენი ჯიჰადისტებისთვის როგორც თალიბანის,” - ამბობს მაკმასტერი.


თალიბებმა 15 აგვისოტს ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს
​​​​​​ წყარო: dw.com

ამერიკის ავღანეთიდან გასვლის ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ავღანეთში ყოფნის ფასი ამართლებდა სარგებელს. ქვეყანას წლებია აღარ დასჭირვებია ადგილზე აქტიური საომარი მოქმედებების წარმოება. იმ პირობებში როდესაც უკან დახევის გარდაუვალი საჭიროება არ იდგა, ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკოსები თვლიან, რომ რამოდენიმე ათასი ჯარისკაცის ავღანეთში დატოვებით ამერიკას შეეძლო სტატუს ქვოს შენარჩუნება. 

“მსოფლიოში ბევრი ბარბაროსული რეჟიმია. მათი პატრულირება ამერიკის მოვალეობა არ არის, მაგრამ ავღანეთი სხვა შემთხვევაა. ოცი წლის წინ ტერორისტები რომლებიც ამ მიწაზე გამოზარდეს, თავს დაგვესხნენ. ახლა მათ ის მიიღეს რაც უნდოდათ,” - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი. 

ავღანეთი როგორც ამერიკის რეპუტაციული მარცხი 

ამერიკის მარცხი ავღანეთში დიდ დარტყმას აყენებს მის პრესტიჟს და გავლენას მსოფლიოში. ეს აგულიანებს ამერიკის მტრებს და ეჭვს უჩენს ქვეყნის მოკავშირეებს. 

“ბაიდენის დოქტრინა ტრუმანის დოქტრინის დამარხვას ნიშნავს,” - წერს ავტორი ბრეტ სტივენსი. თუ ამერიკის მეგობრები გადაწყვეტენ, რომ მტრის წინაშე მარტო დარჩნენ, ეს მის ალიანსთა ქსელში მნიშვნელოვან ბზარს გააჩენს. 

ამერიკის სიძლიერე სამხედრო ძალასთან ერთად, ქვეყნის ალიანსების ქსელზეა დამოკიდებული. ბრეტ სტივენსი ამბობს, რომ მხოლოდ ამერიკის გლობალური ჩართულობის ხარჯის დათვლა არასწორია, რადგან ამერიკის მიერ გლობალური ვალდებულებებისთვის ზურგის შექცევა ბევრად ძვირი დაჯდება. როგორც ჟურნალისტი ელაი ლეიქი ამბობს, ისინი ვინც თვლიან, რომ გაუგებარია რატომ უნდა გაწირონ ამერიკელებმა სიცოცხლე ავღანეთში ჰუმანიტარული მიზნებით, ვერ აანალიზებენ იმ ფასს, რასაც ქვეყანა ღირსების შელახვით იხდის.


1880 წლის მეორე ანგლო-ავღანური ომი. ავღანელი ჯარისკაცები ბრიტანეთის და ინდოეთის ჯარებს ამარცხებენ.
​​​​ წყარო: nationalgeographic.com

პრესტიჟი ზესახელმწიფოებისთვის ერთგვარი კაპიტალია, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა და კეთილგანწყობა მოაქვს. როდესაც ქვეყანა აჩვენებს, რომ ის მზად არის მსხვერპლზე წავიდეს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მოწინააღმდეგეები ხედავენ, რომ წესების დარღვევისთვის პასუხს აგებენ. თუ ქვეყნის ღირსება და ღირებულებები უმოქმედობის შედეგად ილახება, ზესახელმწიფო უსუსურად გამოიყურება, რაც უფრო მეტ ოპონენტს უბიძგებს საზიანო ქმედებისკენ. ზოგი ამას “სისუსტის პარადოქსსაც” უწოდებს: რაც მეტს თმობს ამერიკა, მით მეტს ითხოვენ მისი მოწინააღმდეგეები.    

შესაბამისად, ამერიკის გავლენის შესუსტება აძლიერებს ქვეყნის ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს. ჩნეთის, ირანის და რუსეთის საერთო ინტერესი ამერიკის რეგიონიდან განდევნა და ავღანეთის რესურსებისა და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაა. 

ამერიკის უკან დახევით მოწინააღმდეგეებს ასევე საშუალება ეძლევათ გავლენის სფერო გაიფართოვონ იმ ადგილებში სადაც ძალის ვაკუუმი ჩნდება. ამასთან, ამერიკის მარცხი მის ოპონენტებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი თავდაჯერებით დამუქრონ სამეზობლოს. 

დასავლეთი დაისის ფაზაში? 

ბევრს მიაჩნია, რომ დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი დაისის ფაზაშია და ანგლოსაქსური ჰეგემონია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ავღანეთის მოვლენებიც ხშირად ამ ჭრილში განიხილება. მოცემული პოზიციის მომხრეებს მრავალი მაგალითი მოჰყავთ დასავლეთის დაკნინების სადემონსტრაციოდ. მათ შორის არის ამერიკის წარუმატებლობა ავღანეთში, ერაყსა და სირიაში, რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში, გლობალური ფინანსური კრიზისი და სხვა. 

ამას ემატება საშინაო პრობლემებიც როგორიცაა შემცირებული შობადობა, გაზრდილი საპენსო ხარჯები, ამერიკის ტრილიონობით საგარეო ვალი და  სამხედრო ხარჯების ზრდის უუნარობა. ამასთან, ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთს აღარ აქვს იმგვარი მორალური უპირატესობის განცდა რომელიც, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ცივ ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამარჯვებაში დაეხმარა. 

ცივი ომისგან განსხვავებით, დღეს ბევრად დიდი აზრთა სხვადასხვაობაა თუ რა წარმოადგენს ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს და როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ მათი დაცვა. შედეგად, ხშირად ამერიკის საგარეო პოლიტიკა არათანამიმდევრულია და ახალი ლიდერის მოსვლასთან ერთად პოზიციები რადიკალურად იცვლება. 

მაგალითად, პრეზიდენტ ბაიდენის პოსტზე მოსვლის შემდეგ მან წინამორბედის გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი რადიკალურად შეცვალა. მათ შორის იყო ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის დასრულებაზე თანხმობა, ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაში დაბრუნების სურვილი, რუსეთთან ბირთვული შეთანხმების გაგრძელება, პარიზის შეთანხმებაში დაბრუნება და სხვა. მსგავსი რყევები ვიხილეთ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროსაც. ჩეხეთსა და პოლონეთში საჰაერო თავდაცვის სისტემები აღარ განთავსდა, შერბილდა პოლიტიკა რუსეთის მიმართაც. ასევე რადიკალურად განსხვავდებოდა ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკაც.


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიფინგის შემდეგ ოთახს ტოვებს
წყარო: bbc.com

ავტორი რობერტ კაგანი, მისი 2002 წლის სტატიაში “ძალა და სისუსტე” ევროპასა და ამერიკას შორის უთანხმოების ძირითად საფუძველს სამხედრო ძალასთან დამოკიდებულებაში ხედავდა. მაშინ როდესაც ამერიკა მზად იყო ძალა გამოეყენებინა საკუთარი ინტერესების დასაცავად, სუსტი ევროპა დაყვავების პოლიტიკას ამჯობინებდა. “სისუსტის ფსიქოლოგია ადვილი გასაგებია,” - წერდა კაგანი. მისი თქმით, თუ მხოლოდ დანით ხარ შეიარაღებული, ტყეში მყოფი დათვისგან დამალვა ასატანი რისკია, მაგრამ თუ ცეცხლსასროლი იარაღი გაქვს, დამალვა შესაძლოა უფრო დიდ რისკად შეაფასო ვიდრე დათვზე ნადირობა.  

ავღანეთში მიმდინარე მოვლენები ქმნის განცდას, რომ ამერიკა ნელ-ნელა ძალის გამოყენების ნებას კარგავს. ეს ამერიკის პოლიტიკის ევროპეიზაციას ნიშნავს, რაც კაგანის ხედვით ქმედებების ნაცვლად მოწოდებების გაკეთებას, პროცესის შედეგზე წინ დაყენებას და საფრთხეებზე თვალის დახუჭვასაც კი გულისხმობს. “სისუსტე წაყრუების პოლიტიკას მიმზიდველს ხდის,” - წერს კაგანი. 

აგვისტოში ამერიკის ადმინისტრაციის მიერ თალიბანის ქმედებების საპასუხოდ გაკეთებული რიგი განცხადება ხსენებული ევროპეიზაციის ნიშნებს ატარებს. პრეზიდენტ ბაიდენის პრეს სპიკერმა ჯენ ფსაკიმ თალიბანს საერთაშორისო საზოგადოებაში მათ როლზე დაფიქრება ურჩრია. შემდეგ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თალიბანმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო თვალს ადევნებს მის ქმედებებს. 

არანაკლებ გასაოცარი განცხადება გამოსცა ამერიკის საელჩომ ქაბულში 12 აგვისტოს. “თალიბანის მხრიდან მზარდი ძალადობა, დანებებული ავღანელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ფაქტების ჩათვლით, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობას აჩვენებს. ნუ წაშლით ავღანეთის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე მოპოვებულ წინსვლას ადამიანის უფლებების მიმართლებით” - წერია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ტექსტში. 

ამ განცხადებებში რთულად დასაჯერებელი ის არის, რომ ამერიკა, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც ავღანეთში ტერორიზმს ხისტი ძალის ყველა ბერკეტით 20 წლის განმავლობაში ებრძოდა, დღეს მას საერთაშორისო საზოგადოების გულისწყრომით ემუქრება.  

ამერიკა და მსოფლიო ძალთა ბალანსი

მიუხედავად დასავლეთის დაკნინებაზე გააქტიურებული დისკუსიია, ამერიკა დღემდე უძლიერესი სახელმწიფოა მსოფლიოში. მისი გლობალური პოზიციების შენარჩუნება დიდწილად ქვეყნის ტრადიციულ მოწინააღმდეგეებთან წარმატებულ ჭიდილზე იქნება დამოკიდებული. ჩინეთი დღეს ამერიკის უსაფრთხოების მთავარი თავსატეხია. რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა კი მნიშვნელოვანი რეგიონული ოპონენტები. 

ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი წერს, რომ ავღანეთიდან ამერიკის ქაოტური გასვლის ფონზე, ამერიკის ყოფა ერთი საუკუნის წინანდელ ბრიტანეთის უკუსვლას აგონებს. ბრიტანეთი ეროვნული გადაღლის, ჭარბი იმპერიული ვალდებულებების და მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ამჟამად პირველი მსოფლიო ომის მსგავსი კატასტროფის წინაშე არ დგას და არც კოვიდ 19-ის პანდემიაა ესპანური გრიპივით მომაკვდინებელი, ავტორი იმდროინდელ და არსებულ ვითარებას შორის მნიშვნელოვან პარალელებს ავლებს.


ძალთა ბალანსი. პოლიტიკური კარიკატურა, 1882 წელი.
წყარო: alamy.com

ფერგიუსონი ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთმა საერთაშორისო ვითარების გაუარესებაზე თვალი დახუჭა. ამასთან, დასუსტდა ერთა ლიგის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და არასწორად იქნა აღქმული ტოტალიტარული საფრთხის მასშტაბიც. ამის მიუხედავად, ავტორი მიიჩნევს, რომ არც მეორე მსოფლიო ომი იყო გარდაუვალი და არც დღევანდელი ჩინეთის აღზევებაა გარანტირებული თუ დასავლეთი საკუთარი ინტერესების დასაცავად იმოქმედებს.

ამერიკის მხრიდან აქტიური ქმედებები მოწინააღმდეგეებთან შეკავების პოლიტიკის აღდგენას გულისხმობს. ავღანეთის ფონზე უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოებმა ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე დაინახონ, რომ ის მზად არის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში კვლავ დაიცვას საკუთარი ინტერესები. 

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რა ახალ გამოწვევებს აჩენს არსებული რეალობა საქართველოსთვის და როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე? 

მიუხედავად ავღანეთში გამოვლენილი სისუსტისა, გლობალური ძალთა ბალანსი უცვლელი რჩება. ამერიკა კვლავ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთის დაბალანსება შეუძლია და ის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალაა ვის ინტერესშიც საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაცვა შეიძლება შევიდეს. 

ავღანეთში ამერიკის მიერ განცდილი მარცხი რუსეთს პროპაგანდის გააქტიურების საშუალებას აძლევს. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს დაგვაჯეროს, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება. ის გვეუბნება, რომ ამერიკა შორსაა და არასაიმედო პარტნიორია. ავღანეთის მოვლენები რუსეთს საშუალებას აძლევს გვიმტკიცოს, რომ გასაჭირის ჟამს დასავლეთი საქართველოს დასახმარებლად არ მოვა. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის დალაგებას პრაგმატულ ალტერნატივად წარმოგვიდგენს.  

იგივეს იმეორებენ საქართველოში მოქმედი რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფებიც. ისინი რუსეთთან მოლაპარაკებების სურვილს ომის და არასტაბილურობის თავიდან არიდების სურვილით ხსნიან და რუსეთთან გარიგებისკენ მოგვიწოდებენ. ზოგი მათგანი ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით გამოდის, რაც საქართველოს მიერ დასავლურ უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს.  

ეს პროპაგანდა მცდარ ალტერნატივას ეფუძნება და მისი გამავრცელებლები ტყუილისა და დაშინების გზით ცდილობენ ქვეყანას არჩევანი შეაცვლევინონ. რეალურად საქართველოს დღეს ორი ალტერნატივა არ აქვს, რადგან ჩვენ თავისუფლებასა და მტრის მორჩილებას შორის ვირჩევთ. რუსეთი “ცარიელ მშვიდობას” გვთავაზობს, რაც თავისუფლების და ღირსების გარეშე გვტოვებს. დასავლეთთან დაახლოვება ის ერთადერთი გზაა, რომელიც ამ რეალობისგან თავის დაღწევის შანსს გვაძლევს.


წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი.
წყარო: civil.ge

საქართველომ მეგობრები მისი ეროვნული ინტერესების საფუძველზე უნდა აირჩიოს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და განვითარებაა. ამ ინტერესების მთავარი მოწინააღმდეგე ბოლო 200 წლის განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერია იყო, შემდეგ საბჭოთა კავშირი და დღეს რუსეთის ფედერაციაა. საქართველოს და რუსეთის ინტერესები ამ ხნის განმავლობაში უწყვეტ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

შესაბამისად, ავღანეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს არჩევანში არაფერს ცვლის. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ის ერთადერთი სახელმწიფოა რომელსაც შეუძლია რუსეთს აგრესიული პოლიტიკა შეაცვლევინოს. 

ამერიკა დღემდე ინარჩუნებს ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდისტები ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია უტოპიაა, ჩვენი და დასავლეთის ინტერესები ასე გადაჯაჭვული არასოდეს ყოფილა. 

საქართველოს სახით რეგიონში სტაბილური, დემოკრატიული და განვითარებული მოკავშირე ამერიკის ინტერესებშია. ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებით გამოვიყენებთ ამ შანსს. ამერიკამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული უპრეცედენტო დახმარება გაგვიწია ქვეყნის წინსვლის დასაჩქარებლად. საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, დასავლეთთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ. 

ბუნებრივია, რომ არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში წინ ბევრი დაბრკოლება გველოდება და არც წარმატებაა გარანტირებული. მიუხედავად ამისა, რუსული პროპაგანდის დაჯერებით გარანტირებულად დავკარგავთ იმას რისთვისაც ბოლო 200 წელია ვიბრძვით. 

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი შექმნა, სადაც მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოება და თავისუფლება ბევრად უფრო დაცული იყო ვიდრე მანამდე. ეს შესაძლებლობა ყველაზე წარმატებულად ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გამოიყენეს. მათ საბჭოთა მმართველობა დასავლური მმართველობის მოდელით ჩაანაცვლეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვეს. 

საქართველო ამ პროცესში 2003 წლიდან ჩაერთო და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის “თავისუფლების დღის წესრიგის” ფარგლებში ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე გახდა. მას შემდეგ, ამერიკის მსოფლიო ჩართულობის სურვილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ავღანეთიდან ნაჩარევი გასვლაც აჩვენებს, რომ ქვეყანა გლობალური ვალდებულებებისგან განთავისუფლებას ცდილობს.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, 2005 წლის 10 მაისი.
წყარო: whitehouse.gov

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ ორი მიმართულებით იმუშაოს. პირველი, აუცილებელია საქართველო არ აღიქმებოდეს ამერიკის ინტერესების პერიფერიად და უკრაინასთან ერთად დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს გულისხმობს როგორც ნატოში წევრობისაკენ სწრაფვას, ისე ამერიკასთან ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას. 

პრეზიდენტ ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელინსკის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკა ქვეყანას $60 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამასთან, მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად შესაძლოა უკრაინამ ამერიკისგან “რკინის გუმბათის” სახელით ცნობილი სისტემაც მიიღოს. ამერიკის მიერ საქართველოსთვის მსგავსი ტიპის სამხედრო დახმარება მნიშვნელოვანი შემაკავებელი იქნება რუსეთისთვის.

ასევე, აუცილებელია საქართველომ გაააქტიუროს თანამშრომლობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. ეს ქვეყნები საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეები არიან, რადგან რუსეთი როგორც ჩვენ ისე მათ უსაფრთხოებას ემუქრება. საქართველო თავს მარტო ვერ დაიცავს. შესაბამისად, ძლიერი მეგოებრები იმ გარე მხარდაჭერის გარანტიაა, რომელიც რუსული აგრესიის შეჩერებაში დაგვეხმარება. ამისათვის აუცილებელია საქართველო ჩართული იყოს ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მჭიდროდ დააკავშირებს. ეს მოიცავს როგორც სამი ზღვის ინიციატივის პროექტს, ისე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიურ როლს და ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას.

ბოლოთქმის მაგიერ

“მამაჩემისგან ვისწავლე, რომ მთავარი არა საქმის დაწყებაა, არამედ ის თუ რამდენად გაყვები მას და ბოლომდე მიიყვან. აქ შეუპოვრობაა მთავარი,” - უთხრა მარგარეტ ტეტჩერმა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ამერიკის დაკნინება არ არის კანონზომიერება რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მოხდეს. ამერიკა ჯერ კიდევ უძლიერესი სახელმწიფოა მსოფლიოში. არც ავღანეთის დაცემა იყო გარდაუვალი. ქვეყნის თალიბების ხელში აღმოჩენა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგია. ამერიკის პირველობაც იმ არჩევანზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ის საკუთარი ინტერესების ფორმიერების და განხორციელების პროცესში გააკეთებს. 

შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს უსაფრთხოებაც კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენი დასავლეთისკენ თავგამოდებულ სწრაფვაზე.

კომენტარები