დიდი ბრიტანეთი

მშვიდობით, თქვენო უდიდებულესობავ, მადლობა ყველაფრისთვის! – მალხაზ სონღულაშვილი ელისაბედ II-ზე

Evangelical-Baptist Church of Georgia

"ეპოქის დასასრული" - საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ს გარდაცვალებას ეხმაურება.  

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებით გასრულდა მმართველობა მონარქისა, რომელმაც თავისი მოვალებებისადმი უზადო ერთგულებითა და მძაფრი პასუხისმგებლობის  გრძნობის განცდით გამოიჩინა თავი. ელისაბედი ახალგაზრდა გოგო იყო, როდესაც ის აკურთხეს, დალოცეს და მირონი სცხეს, როგორც ბრიტანეთის მონარქს ვესტმინსტერის სააბატოში.  იგი 70 წლისა და 214 დღის განმავლობაში ასრულებდა თავის კონსტიტუციურ მოვალეობას, უმწიკვლოდ და უდრტვინველად, რასაც ის თავის საღვთო მოვალეობად მოიაზრებდა.

ის მოწმე იყო მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების დრამატული მოვლენებისა დიდ ბრიტანეთში და მთელს მსოფლიოში: მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი და მისი დასასრული, ახალი დროება და მისი გამოწვევები, ბრექსიტი, პანდემია, ეკოლოგიური რყევების დასწყისი... ვინ მოსთვლის. მისი ოჯახური ცხოვრებაც არ იყო გამოწვევებისგან და კრიზისებიდან თავისუფალი. მიუხედავად ყველაფისა ის ყოველთვის სტაბილურობისა გრძნობისა და გამძლეობის მაგალითს სთავაზობდა, როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე თანამეგობრობისა და  დანარჩენი სამყაროს ხალხებს. ბრიტანეთის 15 პრემიერ მინისტრი, სხვადასხვა პარტიებისა და იდეოლოგიების წარმომადგენლები, რეგულარულად დადიოდნენ მასთან ყოველკვირეულ შეხვედრებზე და უზიარებდნენ მას თავიანთ ხედვებსა და სადარდებლებს. თითოეულმა პრემიერმა კარგად  იცოდა, რომ დედოფალი სანდო მესაიდუმლე მათთვის. 

ელისაბედ მეორე მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ხვდებოდა და ურთიერთობდა ამ პლანეტის ყველა გავლენიან მმართველს, ყველა გმირსა და ანტიგმირს, რომლებმაც თავიანთი კვალი დაამჩნიეს ჩვენი ცივილიზაციის განვითარებასა და ცხოვრებას. 

ჰენრი მერვედან მოყოლებული, ბრიტანელი მონარქები ასევე ყოველთვის იყვნენ ინგლისის ეკლესიის მეთაურები. ელისაბედ  მეორე მარტო ფორმალური მმართველი არ იყო ინგლისის ეკლესიისა. ის იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი, რომელსაც იესო ქრისტეს მოძღვრება მეგზურობას უწევდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მე, როგორც ნორვიჯის საკათედრო ტაძრის კანონიკოსს, წილად მხვდა ბედნიერება მას შევხვედოდი კათედრალში წირვაზე და წირვის შემდეგ. წირვისას მე მის მოპირდაპირე მხარეს ვიჯექი და ვხედავდი, რომ ხელში კი ეჭირა ლიტურგიის ტექსტი, მაგრამ წიგში ნაკლებად იხედებოდა: ლიტურგიაც და ლიტურგიული საგალობლებიც ზეპირად იცოდა და ისე მონაწილეობდა წირვის მსვლელობაში. მისი საშობაო მიმართვებიდან ყოვლთვის სჩანდა, რომ მისი ორიენტირი ყოველთვის იყო მისი რწმენა და სარწმუნოებრივი პრინციპების ერთგულება. 

ამ ცხოვრებიდან წავიდა ბრიტანეთის ღვაწლმოსილი მონარქი, თანამეგობრობის წინამძღოლი, ინგლისის ეკლესიის მეთაური, შოტლანდიის ეკლესიის წევრი, ღირსეული მეუღლე, დედა, ბებია, დიდი ბებია. ადამიანი, რომლის სიკვდილმა მილიონებს დასწყვიტა გული. 

დაე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს დედოფლის სული და ანუგეშოს მისი დამწუხრებული ოჯახი: ახალი მეფე ჩარლზი, მისი და-ძმები და ოჯახის წევრები და ახლობლები. აქვე გულწრფელ სამძმარს ვუცხადებთ ბრიტანეტისა და თანამეგობრობის მრავალკულტურულსა და მრავალრელიგიურ  ხალხებს, ასევე  ინგლისის ეკლესიის წინამძღოლებს - კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს ჯასტინ უელბის, იორკის მთავარეპისკოპოსს სტივენ კოტრელს,  ყველა იერარქს, სასულიერო პირს და მრევლის თითოეულ წევრს. საქართველოში ჩვენს სამძიმარს ვუცხადებთ: ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს, ბრიტანეთის საელჩოს და საქართველოში მცხოვრებ და ვიზიტად მყოფ ბრიტანელებს. 

და ბოლოს, პერსონალურად მინდა ეს ვთვა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით: მშვიდობით, თქვენო უდიდებულესობავ და მადლობა ყველაფრისთვის! 

8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

მანამდე, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს.

კომენტარები