დიდი ბრიტანეთი

ცივი ომიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს სტაბილურ ზრდას დავიწყებთ – სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2.7%-მდე გაზრდის, რაც გულისხმობს, რომ 2027 წლიდან დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე 13.4 მილარდი ფუნტით მეტს დახარჯავს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა "ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს ხანგრძლივ ზრდას დაიწყებს". 

ამჟამად დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე მშპ-ს 2.3%-ს ხარჯავს

"სიმამაცე უნდა ვიპოვოთ ჩვენს ისტორიაში, იმაში, თუ ვინ ვართ, როგორც ერი, რადგან სიმამაცე არის ის, რასაც ჩვენი ეპოქა ახლა ჩვენგან ითხოვს, ამიტომ დღეიდან შემიძლია გამოვაცხადო, რომ ეს მთავრობა ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს ხანგრძლივ ზრდას დაიწყებს". - თქვა სტარმერმა. 

სტარმერმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურების წილის გათვალისწინებითაც, 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2.6%-ს შეადგენს. 

გარდა ამისა, სტარმერმა ევროპელ ლიდერებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი დაისახავს "ცხად ამბიციას", რომ შემდეგი არჩევნების შემდეგ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაზარდოს.

სტარმერის თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ში და ევროპის კოლექტიური თავდაცვის თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთის პოზიციას გაამყარებს და ეს ქვეყნისთვის "მისასალმებელი უნდა იყოს". 

"დიდი ხანია ვამბობ, რომ თაობის წინაშე არსებული მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ ევროპელმა მოკავშირეებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და თავიანთი თავდაცვისთვის მეტი გააკეთონ. ეკონომიკური და ფისკალური პირობების გათვალისწინებით, ჩვენი სტრატეგიული და ოპერაციული საჭიროებების შესაბამისად, ჩვენ ასევე დავსახავთ ცხად ამბიციას, რომ შემდეგმა პარლამენტმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაზარდოს". - თქვა სტარმერმა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განმარტა, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა საგარეო დახმარების შემცირების ხარჯზე მოხდებოდა და დაამატა, რომ ეს არ არის "განცხადება, რომლის გაკეთებაც უხარია". მისივე თქმით, ბრიტანეთი "გააგრძელებს სუდანში, უკრაინასა და ღაზაში ჰუმანიტარული როლის შესრულებას, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებას, საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას გლობალურ ჯანდაცვისა და გამოწვევების მხრივ, როგორიცაა აცრა", თუმცა "ბრიტანელი ხალხის თავდაცვა და უსაფრთხოება ყოველთვის პირველი უნდა იყოს".

"ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პოზიცია უნდა შევცვალოთ, რადგან თაობის წინაშე არსებული გამოწვევები თაობის პასუხს მოითხოვს, რომელიც განსაკუთრებულად რთულ და მტკივნეულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს და ამ გადაწყვეტილებებით, რამდენადაც რთულია ისინი, ასევე ერთობა უნდა ვეძიოთ". - თქვა სტარმერმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა და ტრამპს შეხვდა. ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით ჩასვლას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ასევე აპირებს

ცნობისთვის, გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი,კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.

როგორც Telegraph აღნიშნავდა, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს. 

ცნობისთვის, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.

"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში

კომენტარები