რუსული გაზი და ევროკავშირი

Gazprom-ი საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს

რუსული კომპანია Gazprom-ი დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს. შესაბამის განცხადებას ფრანგული კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდების შემცირება კომპანიებს შორის კონტრაქტის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულმა უთახმოებამ გამოიწვია, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის უთანხმოებებზეა საუბარი.

როგორც გამოცემა Reuters-ი აღნიშნავს, Gazprom-ს საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გამოცემისვე ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე Gazprom-მა მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება. 2021 წელს რუსული კომპანიის მიერ Engie-სთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა საათში 121 ტერავატს აღწევდა, გასული თვის მონაცმებით კი ეს რიცხვი 1.5 ტერავატამდეა შემცირებული.

"ძალიან ნათელია, რომ რუსეთი ბუნებრივ აირს საომარ იარაღად იყენებს და ქვეყანა უნდა მოემზადოს გაზის შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის". - აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რიუნაშემ.

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა კი Reuters-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთს ბუნებრივი აირის სხვადასხვა მომწოდებელი ჰყავს და უკანასკნელი შემცირებები ზამთარში ქვეყნისთვის გაზის მიწოდებას რისკის ქვეშ არ დააყენებს.

კომენტარები