რუსული გაზი და ევროკავშირი

Eni: Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

Eni
REUTERS/Alessandro Bianchi

Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. შესაბამის განცხადებას იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni ავრცელებს.

"გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა". - წერს Eni განცხადებაში.

იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს.

"წლის უკანაკნელ თვეებში, მარაგების 90% აუცილებლად უნდა შევავსოთ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი მომწოდებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის რუსული მომწოდებლებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებლები გავხდეთ, თუმცა 2022 წლის ზამთარი, ცოტა უფრო მეტად რთული იქნება". - თქვა ჩინგოლანიმ.

პარალელურად, წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს, მომდევნო 10 დღის განმავლობაში ფუნქციონირებას წყვეტს.

გასულ თვეში, რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდება 40%-მდე შეამცირა, ამის მიზეზად კი ტექნიკური შეფერხებები დაასახელა. ზემოხსენებულ მილსადენში წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადის.

კომენტარები