სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: ქართული ოცნება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ამ დრომდე დევნის

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს. გოგაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბოდიშს უხდის, რადგან, მისივე თქმით, ის თავად იყო იმ სისტემის ნაწილი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და მათ ახლობლებს დევნიდა და ამ დრომდე დევნის.

"ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და რაშისტებზე გამარჯვება ვუსურვო. ეს ჩვენი, ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ფრონტის წინა ხაზზე ავლენენ. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა, ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და სურვილი ჰქონდათ, რუსეთის სისტემის წინააღმდეგ ებრძოლათ. ეს დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან. მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ და წმინდა გიორგის მადლი და ძალა გეწეოდეთ, დიდება და გამარჯვება საქართველოსა და უკრაინას. სოსო გოგაშვილი, 306-ე საკანი" . - წერს სოსო გოგაშვილი.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა. იმავე დღეს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები