სოსო გოგაშვილი

ადვოკატი: გოგაშვილი ე.წ საშხაპეში გაიყვანეს, მას ტელეფონზე გომელაური ესაუბრა და დაემუქრა

რუსთავი 2

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ გოგაშვილი ციხის ე.წ. საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ესაუბრა. ადვოკატის ინფორმაციით, გომელაური გოგაშვილს დაემუქრა. 

"28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს, იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს". - თქვა ადვოკატმა.  

დღეს, 11 აგვისტოს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზეც დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები