ქართული ოცნება

მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითის მოხსნა – რას სთავაზობდა ოცნება ხალხს ხმის სანაცვლოდ

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, რომელიც ასახავს, თუ რა მეთოდებს მიმართავდა მმართველი პარტია არჩევნებში მოქალაქეების ხმების მობილიზებისთვის. 

მასალების მიხედვით, ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.  

არასამთავრობოების ცნობით, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ. 

"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება.

უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები.

ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათების თუ სარგებლის შეთავაზება სავარაუდოდ არაფორმალური გზით და კანონის პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. შედეგად, იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად  სახელმწიფო რესურსების ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვის ფაქტი. ამ პროცესში გამოკვეთილი იყო ცალკეულ თანამდებობის პირთა სავარაუდო სამოხელეო და სისტემური დანაშაულის ნიშნები.

როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

გარდა ამისა, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ, მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით. ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს.

როგორც 2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან იკვეთება, სავარაუდოდ მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა. 

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები.

მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების  თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას. ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან.  მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა".  

მსჯავრდებულებისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნა 

დოკუმენტების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით სავარაუდოდ გიორგი პატარიძისთვის 1700-მდე მსჯავრდებულის (პრობაციონერის) შესახებ არსებული ინფორმაცია გაიგზავნა. პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ხოლო პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.   

პატარიძეს ეგზავნებოდა სიები მოქალაქეების სახელებითა და გვარებით, მიზეზებით, თუ რატომ ჰქონდათ მათ პირობითი მსჯავრი და ამ ადამიანების შესახებ მონაცენებით, რა ფორმით ან სად უჭერდა ის მხარს ქართულ ოცნებას - "ეს ბიჭი საბურთალოელია, მეხმარება გლდანშიც და საბურთალოზეც"; "ეს ბიჭი გლდანელია და გვეხმარება გლდანში, გლდანულაში, პატარა გლდანში და სოფელ გლდანში", "ეს ავჭალელია და გვეხმარება ავჭალაში". 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ვარაუდის გადასამოწმებლად, რომ პირობითი მსჯავრის მოხსნა ხმის მიღების სანაცვლოდ გამოიყენებოდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს და გამოითხოვეს მონაცემები, წლის განმავლობაში თვეების მიხედვით რამდენ მოქალაქეს მოეხსნა პირობითი.  

როგორც დიაგრამაზე ჩანს, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მუდმივმოქმედმა კომისიამ წინა თვეებთან შედარებით მრავალჯერ მეტი ოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება: 

NGO-ების ცნობით, გიორგი პატარიძისთვის გაგზავნილ წერილებში ასევე იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდებულზე, ვინც პენიტენციური დაწესებულებიდან (სასჯელის მოხდისაგან) პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდა. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ან/და თავად მსჯავრდებულები გათავისუფლების შემთხვევაში პირობას დებდნენ, რომ იმუშავებდნენ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის, ხოლო პარტია მათ სიებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა. 

შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება 

მასალების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერი - 2019 წლის იანვრის შუალედში [email protected]დან სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამ შემთხვევაშიც მოქმედების სქემა იგივე იყო - პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ ქართული ოცნება ამ პირებისთვის შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის საქმეს უწევდა ორგანიზებას. 

ასევე, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხოჯევანიშვილისა და პატარიძისთვის გაგზავნილ წერილში 6 პრობაციონერის მიმართ სასჯელის შემსუბუქების ითხოვენ. მათ შორის ერთ პირზე მითითებულია, რომ მას სამსახურიდან სთხოვენ ნარკოლოგიურ ცნობას სამხარაულის ბიუროდან და ის, როგორც მარიხუანას მომხმარებელი, "არ იქნება სუფთა" და ამიტომ იგი ითხოვს დახმარებას.  

არასამთავრობოებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოდან 2018-2019 წლებში მართვის უფლების აღდგენისა და ვადის შემცირებაზეც გამოითხოვეს ინფორმაცია: 

სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენა 

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში [email protected]დან როგორც გიორგი პატარიძესთან, ისე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან გაიგზავნა 20-მდე პირის სია, რომლებზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და წერილებით მოთხოვნილი იყო სასჯელის შემსუბუქება (ძირითადად საპროცესო შეთანხმების გაფორმება) 

სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება 

დოკუმენტების მიხედვით, 2018 წლის 18 ოქტომბერს [email protected]დან [email protected]ზე გაიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ორი მსჯავრდებულისთვის ითხოვდა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, რათა სანაცვლოდ ეს პირები საარჩევნო ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ. 

ერთ-ერთ წერილს, რომელშიც პატიმრისთვის, "დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნებისთვის" პირობების გაუმჯობესებას იტხოვენ, ახლავს ტექსტი - "თუ ჩვენ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების ნახევრადღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანას, ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმების მიღებას". 

მარნეულში პოლიტიკურ ოპონენტებზე მასშტაბური ზეწოლის გეგმა  

"დადის დრაბავიკით, ბლატაობს", "მეუღლე არის პედაგოგი", "ჰყავს 2 ბიჭი, რომლებიც ჯარში არ ყოფილან" - NGO-ების ინფორმაციით, მსგავსი ტექსტებით აგზავნიდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მეშველიანი მოქალაქეების სიას, რომლებიც ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები იყვნენ.

კომენტარები