გაყალბებული არჩევნები

ოცნებისა და სუს-ის შეფასებების გამო, 112 სკოლის დირექტორი დაითხოვეს – NGO-ები

Mshoblebi.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, რომელიც ასახავს, თუ რა მეთოდებს მიმართავდა მმართველი პარტია არჩევნებში მოქალაქეების ხმების მობილიზებისთვის. 

მასალიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება, სავარაუდოდ, სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

კერძოდ კი დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებისა და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები. სწორედ მმართველი პარტიისა და სუს-ის შეფასებების საფუძველზე, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა.

"112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას  80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა". - წერია დოკუმენტში.

2014 წელს კონკურსის წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ შერჩეული და
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას
უფლებამოსილების ვადა 2020 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა 1 003 დირექტორს გაუვიდა.
დოკუმენტის მიხედვით, ვადა არ გაუხანგრძლივდა იმ დირექტორებს, რომლებიც მმართველი პოლიტიკური გუნდის შეხედულებებს არ იზიარებდნენ, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას თავს არიდებდნენ ან პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების გზა აირჩიეს.

დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას განათლების ადგილობრივი რესურს-
ცენტრი, პარტია ქართული ოცნება“და სუსი აკეთებდნენ. დირექტორების შეფასებები დაყოფილი იყო თვეების მიხედვით, რომელ თვეებშიც მათი ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა.დირექტორები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებოდნენ.

პარტიის შეფასება ორი - დადებითი ან უარყოფითი შეფასების კომპონენტებს
აერთიანებდა, თუმცა დოკუმენტში არ იყო დასაბუთებული, თუ რა ფაქტორების, თვისებებისა და ქმედებების ერთობლიობამ განაპირობა მსგავსი შეფასება. შეფასების ინდივიდუალურ გრაფებში მითითებული იყო მხოლოდ სიტყვა დადებითი ან უარყოფითი, რაც სხვა შემფასებლებისგან განსხვავებით, არ იყო ახსნილი და არ აფასებდა სკოლის დირექტორების საქმიანობას. სუს-ის შეფასება უმეტესად უკავშირდებოდა დირექტორების პოლიტიკური
შეხედულებებისა და მათ მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობის
ხარისხს. სკოლის დირექტორებთან ხელშეკრულება გაგრძელება/შეწყვეტის რეკომენდაციაში გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

დოკუმენტის მიხედვით, სუსი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ
შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი:
● პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;
● არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ
დირექტივებს;
● დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;
● „ფარულად თანაუგრძნობდა“ ოპოზიციურ პარტიას;
● „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო” პირი იყო;
● მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;
● მას არ გააჩნდა „საარჩევნო რესურსი“ და სხვა.

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ
დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა
საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული
ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები. მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით მოხსენებითი ბარათები, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) სახელზე წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას.

ქართული კანონმდებლობით კი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ ია კერზაია, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 2018 წლის 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობა იყო. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

2018 წლის 24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები