დუგინის შვილის აფეთქება

დანილოვი დუგინას აფეთქებაზე: ФСБ-მ ჩაიდინა, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ დარია დუგინას მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ არის ჩადენილი.

"ეს ФСБ-მ ჩაიდინა და ახლა იმაზე მიუთითებენ, რომ ეს ვიღაც ჩვენიანმა გააკეთა. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. გვაქვს უფრო დიდი დავალებები, რომელთაც ჩვენი ბიჭები ასრულებენ. ამ ქალბატონის აფეთქებასთან არანაირი კავშირი გვაქვს, ეს რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარია". – თქვა დანილოვმა. 

დანილოვის თქმით, დარია დუგინა მამასთან, ალექსანდრ დუგინთან ერთად ე.წ. "სპეცოპერაციის" ხანგრძლივ ბუნებას აკრიტიკებდა, რუსული სპეცსამსახურები კი იწყებენ ისეთი ხალხის მოშორებას, ვინც ომის "წარმატებას" აკრიტიკებს.

"ჩვენს სპეცსამსახურებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ". - დაამატა დანილოვმა.


20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი თქმით, ანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა. 

ФСБ-ს ვერსიის შემდეგ, ილია პონომარიოვი კვლავ ამბობდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთში მოქმედი პარტიზანული ჯგუფი, ეროვნული რესპუბლიკური არმიაა.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები