საქართველო-ევროკავშირი

მელია EU-ს ანგარიშზე: ნათელია, რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებაა.

"ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე". – თქვა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შესასრულებლად დასახულ 12 პუნქტზე საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნება არ აღიარებს, რომ სასამართლო საჭიროებს რეფორმას, პირიქით ამტკიცებენ, რომ ქართული სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. ამასთან მელიას თქმით, ხელისუფლება არა თუ ასრულებს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას, არამედ ყოველდღე ამტკიცებს, რომ მათი ერთადერთი და მთავარი ამოცანაა ოლიგარქ ივანიშვილის ფინანსების დაცვა.

"რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე - ბიძინა ან ევროპა! ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით". – თქვა ნიკა მელიამ.

ევროკავშირის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა), ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები