საქართველო-ევროკავშირი

"ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში" – EU-ს ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე

Reuters

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა), ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო.

ანგარიშში პრობლემატურ საკითხებს შორის გამოყოფილია:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში;
  • ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები;
  • 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;
  • ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ;
  • პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება;
  • გაუარესებული მედიაგარემო;
  • სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები;
  • გენდერული თანასწორობა და სხვა.

ყოველწლიურ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი, ჰომოფობიური მოვლენების დროს მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

"ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის". – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველომ უკან დაიხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები.

"საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება". – თქვა ბორელმა.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები