რუსი ტურისტები საქართველოში

ბოკერია: ქსეონოფობია არის ის, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსი ტურისტების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

"ქსენოფობია, ანუ განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი არის ის, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს სხვადასხვა ნიშნით ასხვავებს და თავის პოლიტიკას უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს. მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, თვითონ ასე არ თვლის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტინქტია. წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას? ამიტომ, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს". - განაცხადა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, აქ ქართველების ქსენოფობია არაფერ შუაშია, რადგან ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამაც შეზღუდა საკუთარ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლა.

"სტანდარტულზე მეტი რუსეთის მოქალაქეა შემოსული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ომის შემდგომ ხალხი დაიძრა, იმიტომ რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა. მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი ყველგან უნდა მივიღოთ, რუსები იქნებიან, ბელორუსები თუ სხვა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ გაერიდნენ ამ რეჟიმს. ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთულია, შეუძლებელიც კია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა. მაგალითად, ბალტიისპირელებმა, იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი. მათი უკონტროლოდ საგრძნობი რაოდენობით, სტანდარტულზე მეტის შემოსვლა და დარჩენა, ტურისტები არ იგულისხმება, ვინც რჩებიან ან ბიზნესს აწარმოებენ, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მინიმუმ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, ხოლო როცა ასეთი არ გყავს, მაშინ ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, ეს ბუნებრივი და ნორმალური ამბავია.“ - ამბობს გიგა ბოკერია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი, ეს სწორედ რუსების მიმართ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. მისივე მტკიცებით, ამის ერთადერთი მიზანი საქართველოს ომი ჩართვა და მეორე ფრონტად ქცევაა.

ასევე, კობახიძის თქმით, რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.3%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში რუსეთის 691 587 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა.

2020 და 2021 წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია - პანდემიის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობა შეზღუდული იყო. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ მაისში გაიხსნა, პირდაპირი ფრენები კი, გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 183 135 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა, ხოლო 2021 წელს - 43 847.

ამ დროისთვის უცნობია, შემოსული 247 149 მოქალაქე/რეზიდენტიდან რამდენმა დატოვა ქვეყანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

 

კომენტარები