ბიძინა ივანიშვილის საქმე

ივანიშვილზე შვეიცარიის პარლამენტს, პოლიტიკოსებს, საფინანსოს მივმართავთ – იურიდიული ფირმა

იმედი

ბიძინა ივანიშვილი უფლებადამცველი ფირმა MKD მორიგ განცხადებას ავრცელებს. იურისტები ამბობენ, რომ ივანიშვილის საქმეთან დაკავშირებით, აპირებენ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც ფინმა-ს - ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს.

იურისტების განცხადებით, მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც Credit Suisse-თან დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ "ურთულესი მდგომარეობით", რომელშიც საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. 

"ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც ფინმა-ს - ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

იურიდული ფირმა ასევე განიხილავს ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხს.

"ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, კრედიტ სუისთან საქმიან ურთიერთობაში შესვლას.

დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ კრედიტ სუისში ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა კრედიტ სუისის ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა".- წერის MKD-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ივანიშვილის იურისტები შვეიცარიულ მედიას კვლავ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უკვე ერთი თვეა, რაც  ფირმა მათ ივანიშვილის ფინანსურ დავაზე Credit Suisse-თან სტატიის დადებას უშედეგოდ სთავაზობს. 

კომენტარები