ბიძინა ივანიშვილის საქმე

ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე პრესრელიზი შვეიცარიულმა მედიამ არ გააშუქა – იურიდიული ფირმა

იურიდიული ფირმა ემ-ქეი-დი შვეიცარიულ მედიას აკრიტიკებს, რადგან ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავის შესახებ მათი 7 ივლისის პრესრელიზი არ გააშუქა. ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველების თქმით, მათი პრეს-რელიზი ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან "კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია".  ემ-ქეი-დი-სთვის გასაკვირია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის "მნიშვნელოვან გზავნილებს" გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. იურიდიული ფირმის განცხადებით, "წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა", რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს უარის მიღმა შეიძლება "სხვა საფუძველი" არსებობდეს, რაც "მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი" იქნებოდა შვეიცარიიდან. 

"ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას. 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეს-რელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზისი და განგრძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედიასაშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედიასაშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები. 

მიუხედავად ამ მზაობისა და მედიათავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედიასაშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან. 

იურიდიული ფირმა ემ ქეი დი-ს 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი. ემ ქეი დი-ს ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველი კომპანიის შეფასებით, "რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან". მათივე განცხადებით, "კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები მასზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი".

კომენტარები