რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების მიერ ვინიცას ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ვინიცას ქუჩა, სადაც ოკუპანტების სარაკეტო იერიში განხორციელდა

რუსეთის მიერ ვინიცის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია ათამდე ადამიანი.

სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას და ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ 39-მდე ადამიანია მოყოლილი.

14 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ცენტრი დაბომბეს. მომხდარს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული ქვეყანა უწოდა. 

"ვინიცა. სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები
მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა".- წერს უკრაინის პრეზიდენტი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები