რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: პუტინი მზად არის, რომ უკრაინაში ომი დიდი ხანი აწარმოოს

ოლაფ შოლცი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Javier Soriano/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა CBS News-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლაიდიმირ პუტინი უკრაინაში ომისთვის დაახლოებით ერთი წლით ადრე ემზადებოდა. მისივე თქმით, პუტინი, სავარაუდოდ, შეტევის გახანგრძლივებას "დიდი ხნის განმავლობაში" შეძლებს.

"ის [პუტინი] არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი შესაძლებლობა აქვს და ის ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე ან შესაძლოა უფრო ადრე მიიღეს, ვინაიდან პუტინი ამისთვის მოემზადა. ასე რომ, ის შეძლებს ომის გაგრძელებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში". - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი "ნამდვილად არ აღიარებს ამას", ის მაინც აცნობიერებს, რომ რუსეთი "გრძნობს" დასავლეთის სანქციების გავლენას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები