აშშ

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკში მოკლელულიანი იარაღის ტარების შეზღუდვა გააუქმა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკის შტატში მოკლელულიანი იარაღის ტარებაზე არსებული შეზღუდვა არაკონსტიტუციუარდ ცნო. მოსამართლეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამერიკელებს აქვთ უფლება თავდაცვის მიზნით, სახლს გარეთ, მოკლელულიანი იარაღი ატარონ და შტატის აქამდე არსებული შეზღუდვა გადაჭარბებული იყო.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ექვსი მომხრე სამის წინააღმდეგ, ნიუ-იორკის შტატში 1913 წლიდან არსებული კანონი არღვევდა პიროვნების მიერ იარაღის შენახვა-ტარების უფლებას, აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორების ფარგლებში. აქამდე არსებული შეზღუდვის ფარგლებში, ვისაც თავდასაცავად იარაღის ტარება სურდა, უნდა წარედგინა საჭიროების დამადასტურებელი საბუთი.

აშშ შტატებიდან 25-ში არ არსებობს შეზღუდვა ცეცხლსასროლი იარაღის საჯაროდ ტარებაზე, მაშინ როცა დანარჩენებში ითხოვენ ნებართვას, თუმცა არ ითხოვენ იარაღის საჭიროების აუცილებლობის გამართლებას.

გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან კონტექსტს სძენს აშშ-ში ბოლოდორინდელი მასობრივი სროლის შემთხვევები, რომელთა შემდეგაც იარაღის ტარების მოწინააღმდეგეების მხრიდან გაიზარდა რეგულაციების მოთხოვნა.

ამ კვირაში აშშ-ს სენატმა წარადგინა კანონპროექტი, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან 10-10-მა სენატორმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელშიც შედის ახალი შეზღუდვები იარაღზე და ფედერალური დაფინანსებიდან $15 მილიარდის გამოყოფა მენტალური ჯანმრთელობის პროგრამებისა და სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, 1990-იანების შემდეგ აშშ-ში იარაღზე ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა დემოკრატებს უფრო მკაცრი შეზღუდვები სურდათ.

კომენტარები