რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს – დანილოვი

ANTON SKYBA/THE GLOBE AND MAIL

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. 

დანილოვის თქმით, ყველა შემთხვევა თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მოხდა. მას არ გაუჟღერებია თავდასხმის დეტალები, თუმცა ომის დასაწყისში მან საჯაროდ ისაუბრა ჩეჩენ მებრძოლთა ერთეულზე, რომლებსაც ზელენსკის მოკვლა დაევალათ.

დენილოვმა ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა ომის დანაშაულების შესახებ და აღნიშნა, რომ "ბევრი წესი ირღვევა". 

"მუდმივი შეხსენებაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს წესები, რაც ჩვენი რეალობის მნიშვნელოვანი ნაწილია". - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. 

გასულ თვეში, უკრაინაში გაასამართლეს პირველი რუსი ჯარისკაცი, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა. 21 წლის ჯარისკაცს შეუიარაღებელი მოქალაქის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, ოფისი რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის თითქმის 6 000 საქმეს იძიებს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები უკრაინაში ომის დანაშაულებს არ სჩადიან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

კომენტარები