თსუ

თსუ სტუდენტებს: გადადით მოლაპარაკების ფორმატზე – გამოცდები საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა. თსუ-ს ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და დასწრებითი ფორმატით ჩატარდება.

"სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას". – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

რამდენიმე კვირაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოძრაობა ბრძოლა განათლებისთვის საპროტესტო აქციებს მართავს. 10 ივნისს აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები