თსუ

სიტუაციის გამწვავება ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ გამოიწვია – თსუ-ს სტუდენტების განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოძრაობა ბრძოლა განათლებისთვის ბოდიშს იხდის "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის" და აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავება ლექტორ რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ გამოიწვია.

ამასთან მოძრაობა განცხადებაში წერს, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.

"სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა "რექტორის კაბინეტს", რაც მის კომპეტენციას საერთოდ არ წარმოადგენს. ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა წერს, რომ აქციის დაწყებამდე უნივერსიტეტში გამოჩნდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო რექტორის კაბინეტთან გამოჩნდნენ შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟები.

"მიუხედავად 10 ივნისის გადაცდომისა, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული. სტუდენტური მოძრაობა უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბება 4 მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:

  1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
  2. ფინანსური გამჭვირვალობა!
  3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
  4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

მიუხედავად ჩვენს მოთხოვნათა ლეგიტიმურობისა, უნივერსიტეტი არ ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და პროვოკაციის გზით ცდილობს სტუდენტთა რეალური პრობლემების გადაფარვას!" – ნათქვამია განცხადებაში.

10 ივნისს აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები