თსუ

თსუ: სტუდენტების პროტესტისას ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, დაშავდნენ თანამშრომლები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო და დღეს, 10 ივნისს, მათი ინფორმაციით სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ - 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებს, რომ რექტორატი დატოვონ და სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ.

"სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს". - წერია განცხადებაში.

უნივერსიტეტი წერს, რომ 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, ხოლო გამოცდები ტარდება დასწრებით ფორმატში, თუმცა მათივე ცნობით, გაიხსნა ორი რეგიონალური საგამოცდო ცენტრი და საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

"გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო. 

თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი  ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ". - წერია განცხადებაში.

თსუ-ში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ისინი ითხოვდნენ, რომ მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო. სტუდენტებმა აქციებიც გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

11 აპრილს თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლების სამინისტორმაც მიმართა და ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები