რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: აშშ და მოკავშირეები მზად არიან კიევს მიაწოდონ ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება

Michael Probst/AP

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ კიევს მიაწოდონ ყველა ის იარაღი, რომელიც უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება

ლოიდ ოსტინი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ უკრაინას არამხოლოდ სასწრაფო იარაღის მიწოდებით, არამედ ძლიერი თავდაცვის სისტემების აშენებითაც დაეხმარება, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს. 

"უკრაინა თავის სუვერენულ ტერიტორიას იცავს და დიახ - როცა ვუყურებთ ამ ბრძოლის განვითარებას, ვფიქრობ, მთელი მსოფლიო შთაგონებულია უკრაინელი ხალხის ნებითა და მათი წინააღმდეგობით ბევრად უფრო დიდ და ქმედუნარიან ძალასთან - ისინი ეფექტიანები არიან იმაში, რასაც აკეთებენ.

[...] აშშ და მოკავშირეები გავაკეთებთ იმას, რაც გვჯერა, რომ უნდა გავაკეთოთ, რათა კიევმა მიიღოს ის იარაღი, რაც უკრაინას სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდება". - თქვა ლოიდ ოსტინმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები