რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათ მიერ მოწოდებული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინა აშშ-სგან მიღებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. მისი სიტყვებით, ეს რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა.

"#1 ამოცანა დღეს რუსეთისთვის - უკრაინასა და აშშ-ს შორის ნდობის შერყევა. უკრაინა თავდაცვით ომს აწამოებს და არ გეგმავს MLRS-ის რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოყენებას. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათ მიერ მოწოდებული იარაღი. ნებისმიერი ბრალდება ასეთი განზრახვის შესახებ - რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციაა". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

1 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს.

შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.

ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები