რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს არა მხოლოდ ევროპული, არამედ გლობალური პრობლემაა" – ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომზე

Ting Shen/Bloomberg/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებით, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური პრობლემაა. ამის შესახებ ბაიდენმა ტოკიოში, Quad-ის წევრების - ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ეს არის ბნელი საათი ჩვენს საერთო ისტორიაში. [...] უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. უდანაშაულო მოქალაქეებს ქუჩებში კლავენ და მილიონობით ლტოლვილი არის იძულებით გადაადგილებული და გადასახლებული. და ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა". - მიმართა ბაიდენმა ლიდერებს. 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "ცდილობს, ჩაახშოს კულტურა" - აშშ-ს პრეზიდენტმა მიუთითა უკრაინულ სკოლებზე, მუზეუმებსა და ეკლესიებზე თავდასხმაზე. 

ბაიდენის სიტყვებით, აშშ გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშაობას რუსეთისთვის "გლობალური პასუხისმგებლობის" დასაკისრებლად, მისივე სიტყვებით, უკრაინაში შეჭრა მხოლოდ აძლიერებს Quad-ის მიზნებისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობას.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები