რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედინსკი: მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის

ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მეთაურის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.

ვლადიმირ მედინსკიმ ბელარუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს უარი მოლაპარაკებებზე არასდროს უთქვამს.

"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი. თუმცა, მოლაპარაკებების შეჩერება მთლიანად უკრაინის ინიციატივა იყო. ახლა ბურთი მათ მოედანზეა". - ამბობს მედინსკი.

გასულ კვირას უკრაინის დელეგაციის მეთაურმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები