რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 22 აგვისტომდე გაახანგრძლივა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით, 22 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 

ზელენსკიმ საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის განკარგულებას პირველად ხელი 24 თებერვალს, რუსეთის ჯარების შემოჭრისთანავე მოაწერა. 

უკრაინის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით განკარგულების მესამედ გაგრძელებას მხარი დაუჭირა, რადგან რუსეთი ამ დრომდე აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე თავდასხმას აგრძელებს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები