ქართული ოცნება

ფონ კრამონი ოცნებას: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო

ვცდილობ რეაქცია არ მქონდეს ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი არ მაქვს. ქალბატონი წულუკიანი გავიცანი როდესაც ის ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა, ნახვა, როგორ მოხდა მისი რადიკალიზება წლების განმავლობაში და ახლა ის ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. 

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ხალხის უფლებისთვის, დემოკრატიულად აირჩიონ ხელისუფლება. ენმ-სთან საიდუმლო გარიგებებში ჩემი დაბრალება არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არცერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

ქართული ოცნების დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. ქართული ოცნება არაა საქართველო, ქართული ოცნების გაკროტიკება არაა საქართველოს გაკრიტიკება. ამიტომ ვეძახი ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა "ქართული ოცნების მეგობარს". შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან ამოფარება. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობებზე.

დემოკრატიულ უკუსვლას არა "პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი" აკრიტიკებს, არამედ საკვანძო პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტსა და მის გარეთ. შეამოწმეთ ხელმოწერები ბოლო განცხადებაზე, ან დაელოდეთ ევროკავშირის შემდგომ რეზოლუციას საქართველოზე.

სხვათა შორის, ეს ის პოლიტიკოსები არიან, ვინც ყოველდღე იცავენ ინტერესებს, ვინც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის და ვინც იბრძვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამ დროს, ქართულმა ოცნებამ შეძლო დემოკრატიის გაუარესება, ერთ წელიწადში საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსში 60 ადგილიდან 89-მდე დაქვეითებით.

მე არ "ჩავრეულვარ" საქმეებში. მე გახსენებთ თქვენს 19 აპრილის მოვალეობებს, რომლებიც თქვენ აიღეთ და არ შეასრულეთ. თუ გსურთ, სერიოზულად მიგიღონ, შეეშვით დაპირებების დარღვევას, შეეშვით საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას. გამოასწორეთ მართლმსაჯულება, შეეშვით მიკროფონების მოპარვას, სიძულვილის ენასა და პოლარიზაციას.

მრავალი წელია საქართველოს (არა მისი მთავრობების) მეგობარი ვარ. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო". ტანტრუმების გამართვის ნაცვლად, დროა, ქართულმა ოცნებამ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც TV იმედის ეთერში თქვა, რომ "უცხოელების მცირე ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიჰყიდოს საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა". ის მაგალითად ასახელებს ვიოლა ფონ კრამონს, აშშ-ს ყოფილ ელჩ იან კელის, ასევე, "კოლექტიურ პედრო აგრამუნტებს და კოლექტიურ ჟიგიმანტასებს". წულუკიანის მტკიცებით, ისინი არიან "უცხოელი ნაცები" და სურთ საქართველოს მთავრობის "გადაყირავება".

კომენტარები